მნიშვნელოვანი სიახლეები
ზღვის ღორის იშვიათი სახეობა რამდენიმე თვეში შეიძლება გადაშენდეს

ზღვის ღორის იშვიათი სახეობა რამდენიმე თვეში შეიძლება გადაშენდეს

ველური ბუნების მსოფლიო ფონდი გვაფრთხილებს: თუკი შესაბამის ზომებს არ მივიღებთ, მაშინ ჩვენს პლანეტაზე კიდევ ერთი ცხოველით ნაკლები დარჩება.

კალიფორნიული ზღვის ღორი, იგივე ვაკიტა (ესპანურიდან - „პატარა ძროხა“) გადაშენების საფრთხის წინაშეა. ვაკიტას თვალების გარშემო პატარა შავი რგოლები აქვს (ისევე როგორც პანდას). იგი მხოლოდ კალიფორნიის ყურის ჩრდილოეთ ნაწილში ბინადრობს. მისი წონა 55 კილოგრამს აღწევს, სიგრძე კი მეტრნახევრამდეა. ეს ცხოველი ველურ ბუნებაში სულ რაღაც 30 ცალიღა შემორჩა.

 ვაკიტა მხოლოდ 1958 წელს აღმოაჩინეს. ველური ბუნების ფონდის განცხადებით თუკი ვაკიტას პოპულაციის გადარჩენის მიზნით სასწრაფო ზომებს არ მიიღებენ უკვე რამდენიმე თვეში იგი გადაშენდება. ყველაზე დიდ საშიშროებას ვაკიტასათვის ე.წ. ლაყუჩის ბადე წარმოადგენს.

ლაყუჩის ბადეებში უჯრედი თევზის თავზე დიდი და სხეულზე პატარა. ამიტომ თევზი მასში ლაყუჩებით იხლართერბა. მექსიკაში ამჟამად ლაყუჩის ბადეები აკრძალულია. მაგრამ  აკრძალვის შესახებ კანონის მოქმედების ვადა მაისში იწურება. ამის გამო ველური ბუნების ფონდი მექსიკის მთავრობას თხოვნით მიმართავს კანონის მოქმედების გაგრძელების შესახებ.