მნიშვნელოვანი სიახლეები
25 წლის წინ  აფხაზეთის ომი დაიწყო

25 წლის წინ აფხაზეთის ომი დაიწყო

ზუსტად 25 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს  საქართველოს მთავრობის (სამხედრო საბჭოს) გადაწყვეტილებით პოლიციის ნაწილები გაიგზავნა აფხაზეთში. ამის შესახებ, ცხადია აფხაზეთის უმღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბა წინასწარ იყო ინფორმირებული. მეტიც, მისგან ოფიციალურმა თბილისმა თანხმობაც მიიღო იმიტომ, რომ ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა, რადგან უკვე  თვეების მანძილზე სარკინიგზო შემადგენლობები იძარცვებოდა.

საქართველოს პოლიციას წინ მიუძღოდა სოხუმის ბატალიონი სოსო ახალაიას (აფხაზეთის შსს სოხუმის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი) მეთაურობით, რომელიც ცხინვალში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის შემდეგ უბრუნდებოდა დისლოკაციის ადგილს, სოხუმს. შემდეგ მოდიოდა ჯგუფი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის დავით ზეიკიძის მეთაურობით.

თუმცა ვლადისლავ არძინბამ პირობა არ შეასრულა,ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეისთან პირველი შეტაკება მოხდა, სადაც აფხაზთა ბანდფორმირებებმა  ქართველ პოლიციელთა მანქანებს ცეცხლი გაუხსნეს. თუმცა კი აფხაზები უკუიქცნენ. ცხადია, ამით შეტაკებები არ  დასრულებულა. აფსუები ქართველებს ახლა გულრიფშის რაიონის დაბა აგუძერასთან დახვდნენ. მოხდა შეტაკება, რომლის დროსაც განადგურდა ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა. მერე შეტაკება უკვე  გულრიფშის რაიონის სოფ. მაჭარასთან გაგრძელდა, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა აფსუა მებრძოლი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან ისროდა.

ამ დროისთვის სოხუმთან ჩასაფრებული აფხაზური ბანდფორმირებებიც ამოქმედდნენ,  რომლებმაც დისლოკაციის ადგილისკენ (ალკკ XV ყრილობის სახელობის ტურბაზა) მიმავალი სოსო ახალაიას რაზმის ქვეითთა ჯავშანმანქანა ააფეთქეს. საინტერესოა, რომ აქ მოულოდნელად რატომღაც (?!) აღმოჩნდნენ რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის ჟურნალისტები, რომლებმაც მსოფლიოს ამცნეს, რომ „ქართული არმია ტანკებით შეიჭრა აფხაზეთში და მოახდინა მისი „ოკუპაცია“. გამოდიოდა, რომ ქართველები საკუთარი ქვეყნის ოკუპირებას ახდენდნენ(?!).

ამიტომ,  სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით პოლიცია სოხუმის შემოგარენში გაჩერდა.

ამ დროს უკვე ვლადისლავ არძინბა აფხაზური ტელევიზიით გამოვიდა და  სეპარატისტებმა მობილიზაცია გამოაცხადეს ( პარალელურად სეპარსტისტთა მოძრაობა „აიდგილარას“ ლიდერმა სერგეი შამბამ რადიოთი მიმართა აფსუებს, რათა შეკრებილიყვნენ „ადრე დათქმულ“ ადგილებში) და  

შეიარაღებულმა აფხაზურმა ბანდფორმირებემაც  სოხუმის სტრატეგიული პუნქტები დაიკავეს.

ნაცვლად იმისა, რომ ვლადისლავ არძინბას თბილისთან დადებული შეთანხმება შეესრულებინა, მან 14 აგვისტოს სოხუმის ადგილობრივი ტელევიზიით აფხაზებს სამამულო ომის დაწყება აუწყა. მათ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ჩაბმა და თავ-თავიანთი პოზიციების დაკავებისკენ, ხოლო ოფიციალურ თბილისს სახელმწიფო საბჭოს ჯარების აფხაზეთიდან გაყვანისკენ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული შენაერთები ქალაქებში არ უნდა შესულიყვნენ, ეროვნული გვარდიის სარდლის, გენერალ თენგიზ კიტოვანის შენაერთები აფხაზეთის დედაქალაქში, სოხუმში, ტანკებითა და მძიმე ტექნიკით შევიდნენ. ქალაქში შესვლისთანავე დაპირისპირებულ ძალებს შორის ბრძოლა ქალაქ სოხუმის ტურბაზის რაიონსა და იმავე რაიონთან ახლოს მდებარე წითელი ხიდთან გაიმართა. სოხუმის ძირითად ნაწილში დარჩენილმა აფხაზურმა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ წინააღმდეგობა სამი დღე გასწია და 17 აგვისტოს სოხუმი ორგანიზებულად დატოვა და ქალაქ გუდაუთაში გადაბარგდა.

ამ სამი დღის განმავლობაში სოხუმში ჩასულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამდა საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრა ვერ შეძლეს. როგორც შემდგომ გაირკვა, იგი ამ პერიოდში თურმე სოხუმის განაპირას, ე.წ „მაიაკის“ („შუქურას“) რაიონში განლაგებულ რუსულ სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა და იქიდან ხელმძღვანელობდა აფხაზური ბანდფორმირებების წინააღმდეგობას, რის შემდეგ თავადაც გუდაუთაში გადაბარგდა.

აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რაც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა და ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩამოყალიბებული ბატალიონები დაშლილი ჰყავდა.

მიუხედავად ამისა, 16 სექტემბერს დაწყებული სოხუმისათვის ბრძოლა 27 სექტემბერს დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.

ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა. 1993 წლის შემოდგომაზე განვითარებულ პროცესებს წინ უძღოდა 1992 წლის 2 ოქტომბერს აფხაზური შენაერთების მიერ გაგრის აღება. სწორედ გაგრის ზონის დაკარგვით შეძლო აფხაზურმა მხარემ რუსეთთან საზღვრის დაკავებით ქართულ მხარეზე უპირატესობის მოპოვება.

აფხაზურმა შენაერთებმა საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი მდინარე ენგურზე 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. სწორედ ამიტომ აფხაზური ხელისუფლება ქართულ მხარესთან საომარ მოქმედებებში გამარჯვებას ოფიციალურად 30 სექტემბერს აღნიშნავს.

 

ფრიდონ დოჩია