მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ს ხელისუფლება „კასპერსკის ლაბორატორიის“ პროგრამებს შლის

აშშ-ს ხელისუფლება „კასპერსკის ლაბორატორიის“ პროგრამებს შლის

აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრომ სახელმწიფო დაწესებულებებს და სააგენტოებს მათ კომპიუტერებზე დაყენებული „კასპერსკის ლაბორატორიის“ ნებისმიერი პროგრამის წაშლა მოსთხოვა.

სამინისტროს განცხადებით იგი შეშფოთებულია კომპანიის ხელმძღვანელობის და რუსეთის სპეცსამსახურების ურთიერთობით. თავად „კასპერსკის ლაბორატორია“ აცხადებს, რომ კრემლთან არანაირი კავშირი არა აქვს. ამის მიუხედავად მთელმა რიგმა ამერიკულმა სავაჭრო ქსელებმა კომპანიის პროდუქცია გაყიდვიდან ამოიღო.

 „კასპერსკის ლაბორატორიას“ მთელს მსოფლიოში 400 მილიონი კლიენტი ჰყავს, მაგრამ იგი აშშ-ს ხელისუფლების მსხვილი მიმწოდებელი არასოდეს არ ყოფილა.

აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ელეინ დიუკის განცხადებით სახელისუფლებო დაწესებულებებს 90 დღე აქვთ, რათა  სამინისტროს ეს განკარგულება შეასრულონ.

 „კასპერსკის ლაბორატორია“ აცხადებს, რომ გულდაწვეტილია ამ განკარგულების გამო და შეეცდება უსაფუძვლო ბრალდება გააცამტვეროს.