მნიშვნელოვანი სიახლეები
ადამიანის ორგანოები პირველად წარმატებით გაყინეს და გაალხვეს

ადამიანის ორგანოები პირველად წარმატებით გაყინეს და გაალხვეს

ამერიკელმა მედიკოსებმა პირველად შეძლეს გაყინული ქსოვილების და ორგანოების ნაწილები გაელხოთ ისე, რომ არ დაეზიანებინათ  უჯრედები და უჯრედშორისი გარემო. ამისათვის მათ რკინის ჟანგის ნანონაწილაკი „სათბურები“ გამოიყენეს.

„ჩვენ პირველად შევძელით ბიომასალის დიდი ნაწილები სწრაფად გაგველხო ისე რომ არ დაგვეზიანებინა ქსოვილები, თანაც ტემპერატურის მატება წუთში რამდენიმე ასეული გრადუსს შეადგენდა. მსგავსი შედეგები გვახარებს და იმედით გვავსებს. ეს მომავალში ტრანსპლანტაციისათვის გაყინული  ორგანოების ბანკის შექმნის საშუალებას მოგვცემს“, - აცხადებს ჯონ ბიშოპი (John Bischof) მინეაპოლისის მინესოტის უნივერსიტეტიდან.

ორგანოების გადანერგვისას ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ისაა, რომ გული, ღვიძლი, თირკმელი და სხვა ორგანოები ორგანიზმის გარეთ დიდხანს ვერ ძლებენ.  საშუალოდ მათი შენახვა დაბალ ტემპერატურაზეც კი მხოლოდ რამდენიმე საათი შეიძლება. ამიტომაც პოტენციური ტრანსპლანტანტების დიდი ნაწილი სანაგვეზე ხვდება. ორგანოებისა და ქსოვილების უბრალოდ გაყინვისას უჯრედებში წყლის კრისტალების ფორმირება ხდება, რომლებიც უჯრედების მემბრანებს არღვევენ და კლავენ მათ.

ზოგიერთმა ცხოველმა, მაგალითად ბაყაყებმა და ჭიაყელებმა ეს პრობლემა დიდი ხანია გადაწყვიტეს - მათ ორგანიზმში სპეციალურინივთიერება - „ანტიფრიზი“  გამომუშავდება. ამ ნივთიერების პირველი სინთეზური ანალოგი ორი ათეული წლის წინ შეიქმნა, ისინი ორგანოებს ერთგვარ ყინულის „მინად“ აქცევდნენ. მაგრამ აქ მეცნიერებს ახალი პრობლემა გადაეღობათ. როგორც აღმოჩნდა ორგანოს სწორად გალღობა ისევე ძნელია, როგორც სწორად გაყინვა. ეს პრობლემა დღემდე არ იყო გადაწყვეტილი - საუკეთესო შემთხვევებში უჯრედების მხოლოდ 80% რჩებოდა ცოცხალი, რაც ნებისმიერი ორგანოს ნორმალური მუშაობისათვის საკმარისი არაა. ბიშოპმა და მისმა კოლეგებმა თითქმის 100%-იან შედეგს მიაღწიეს და ორგანოების უსაზღვრო შენახვისაკენ ბოლო ნაბიჯიც გადადგეს. მათ მყისიერი გაყინვის ტექნოლოგიის ერთგვარი ანტიპოდი შექმნეს.

 ბიშოპის განმარტებით მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ გალღობისას ქსოვილი არაერთგვაროვნად თბება, შედეგად ორგანოს უჯრედები იფლეთება და ნაწილებად იშლება. შესაბამისად თანაბარი და სწრაფი გალღობის ტექნოლოგიის შექმნა ამ პრობლემას ხსნის.

მინესოტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ კითხვაზე პასუხი ნანონაწილაკების სამყაროში იპოვეს. მათ ყურადღება მიაქციეს, რომ რკინისა და სხვ არალითონების ნანონაწილაკები რადიო ანდა მიკროტალღებით შეიძლება ზემაღალ ტემპერატურამდე გავახუროთ. ამჯამად მეცნიერები ამგვარ ნანონაწილაკებს კიბოს უჯრედების „ამოსაწვავად“ იყენებენ.

როგორც აღმოჩნდა იგივე ნანონაწილაკების „მყისიერი გალღობისათვის“  გამოყენებაც შეიძლება. როგორც მედიკოსები ჰყვებიან ამ ნანონაწილაკების მცირე რაოდენობაც კი იცავს ქსოვილის უჯრედებს დაზიანებებისაგან და საშუალებას იძლევა ტემპერატურის მინუს 160 გრადუსიდან ოთახის ტემპერატურამდე გაზრდით ორგანო თითქმის მყისიერად გავალღოთ.

 მეცნიერებმა ამ ტექნოლოგიით ღორის გულის რამდენიმე სარქველი და არტერია გაალღვეს. მათზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ორგანოები არ დაზიანებულან და მთლიანად მათი სტრუქტურა არ დარღვეულა.

ბიშოპისა და მისი კოლეგების განცხადებით ახლა ტექნოლოგია ჯერ არაა მზად დიდი ზომის, ორგანოების გასალღობად - ცდები მცირე ზომის, 50 მილიგრამამდე წონის ქსოვილებზე ტარდებოდა. ამის მიუხედავად ამერიკელი მეცნიერები იმედს იტოვებენ, რომ შეძლებენ ტექნოლოგიის მასიური - კილოგრამამდე  და 1 ლიტრამდე მოცულობის ორგანოების  გასალღობად ადაპტირებას.