მნიშვნელოვანი სიახლეები
ადამიანს და გორილას ჰერპესის ერთნაირი ვირუსი აღმოაჩნდათ

ადამიანს და გორილას ჰერპესის ერთნაირი ვირუსი აღმოაჩნდათ

მთის გორილებში გავრცელებული ჰერპესის ვირუსი ეპშტეინ-ბარის (ჰერპესის 4 ტიპის ვირუსი) ვირუსის მსგავსი აღმოჩნდა. ეს აღმოჩენა დაგვეხმარება გავიგოთ თუ როგორ ვითარდება ეს დაავადება ადამიანებში.

ადამიანის მე-4 ტიპის ჰერპესის ვირუსი მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ს აავადებს, თუმცა იგი ჯანმრთელობისათვის სერიოზული გართულებების გარეშე მიმდინარეობს. მაგრამ თუკი ადამიანებს შიდსით დასუსტებული იმუნური სისტემა აქვს, მაშინ ჰერპესს სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია, მათ შორის კიბოს ზოგიერთი ფორმისაც. ასევე ეპშტეონ-ბარის ვირუსი შესაძლოა მონონუკლეოზის (რომელსაც ასევე „კოცნის დაავადებას“ უწოდებენ) მიზეზიც გახდეს.

 კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა გამოკვლევამ დაადგინა, რომ გადაშენების პირას მყოფ მთის გორილებს ჰერპესის ამ ვირუსის საკუთარი ვერსია აქვთ- სპეციფიკური შტამი  ლიმფოკრიპტოვირუს 1 ანდა GbbLCV-1. წვრილმანების გარკვევის მიზნით მკვლევარებმა იმ მცენარეთა ფოთლებზე შერჩენილი ნერწყვის ანალიზი ჩაატარეს, რომლითაც გორილები იკვებებიან. ანალიზმა აჩვენა, რომ გორილების 52%-ი ვირუსის მატარებელია. დაახლოებით ანალოგიური მაჩვენებელი შეინიშნება განვითარებად ქვეყნებში.

 ამერიკელი მეცნიერების განცხადებით ვირუსი ჯანმრთელი გორილებისათვის სერიოზული რისკის მატარებელი არაა და როგორც წესი არაა აქტიური. მაგრამ გორილის ზოგიერთი გარდაცვლილ ნაშიერს „ფილტვის რეაქტიული ლიმფური ჰიპერპლაზია“ შეენიშნებოდა. ბავშვებში ეს დაავადება ეპშტეინ-ბარის ანდა შიდსის ვირუსის შემთხვევაში აღინიშნება.

 „იმის შესწავლა, თუ როგორ რეაგირებენ გორილები ამ ვირუსზე, დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ, თუ ეპშტეინ-ბარის ვირუსი როგორ მოქმედებს ადამიანზე“, - აღნიშნავს კვლევის წამყვანი ხელმძღვანელი ტიერი სმაილი ევანსი.