მნიშვნელოვანი სიახლეები
ასტრონომებმა „ჯოჯოხეთური“ პლანეტა  აღმოაჩინეს

ასტრონომებმა „ჯოჯოხეთური“ პლანეტა აღმოაჩინეს

ამერიკელმა ასტრონომებმა ახალი ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომლის ზედაპირზეც ტემპერატურა ცელსიუსით 4 ათას გრადუსს აღემატება. მზის ზედაპირზეც თითქმის მსგავსი სიცხეა. პლანეტა ზომით იუპიტერზე ორჯერ დიდია.

ამ დროისათვის ეს მეცნიერებისათვის ცნობილი ყველაზე ცხელი პლანეტაა. იგი გედის თანავარსკვლავედში მდებარეობს და დედამიწიდან 650 სინათლის წლით არის დაშორებული.

პლანეტამ სახელად KELT-9b მიიღო. იგი ცხელი მზის - KELT-9-ი  გარშემო ძალიან ახლო მანძილზე  ბრუნავს: თავისი ვარსკვლავის გარშემო ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად მას ორი დედამიწური დღე ყოფნის.

ისევე როგორც მთვარე დედამიწისკენ, KELT-9b-ც თავისი მზისკენ მუდმივად ერთი მხარით არის მიბრუნებული. პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა 4300 გრადუსს აღწევს - ეს უფრო მეტია, ვიდრე წითელი ჯუჯა ვარსკვლავების ზედაპირის ტემპერატურა. სამყაროს ვარსკვლავების უმეტესობა სწორედ ამგვარ წითელ ჯუჯებს მიეკუთვნება.

აღმოჩენა ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააკეთეს.

მზესთან ამგვარი სიახლოვის გამო პლანეტა დიდხანს ვერ იარსებებს: იგი იმდენად დიდ ულტრაიისფერ გამოსხივებას იღებს, რომ თანდათან ორთქლდება და აირებისგან შემდგარ მანათობელ კუდს ტოვებს. ამის გამო KELT-9b  გარეგნულად კომეტას უფრო ჰგავს.

 ძალიან მაღალი ტემპერატურის გამო KELT-9b-ის ატმოსფერო ძალიან გაიშვიათებულია: ფაქტიურად იგი ცალკეული ატომებისგან შედგება, რომლებსაც ამგვარ პირობებში მოლეკულების წარმოქმნა არ შეუძლიათ. მიუხედავად დიდი ზომებისა (იგი იუპიტერზე ორჯერ დიდი და სამჯერ უფრო მძიმეა) მისი სიმკვრივე თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე იუპიტერისა.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ ვარსკვლავი KELT-9, რომლის გარშემოც პლანეტა ბრუნავს მზეზე ორნახევარჯერ უფრო მძიმეა და ორჯერ უფრო ცხელია.

 პლანეტა KELT-9b მეცნიერებმა 2014 წელს აღმოაჩინეს. ორი წელი მასზე დაკვირვებას და მის დაწვრილებით აღწერას დასჭირდა.