მნიშვნელოვანი სიახლეები
ატმოსფეროში ჟანგბადის ნაკლებობის გამო დედამიწაზე ევოლიციამ 1 მილიარდი წლით „დააგვიანა“

ატმოსფეროში ჟანგბადის ნაკლებობის გამო დედამიწაზე ევოლიციამ 1 მილიარდი წლით „დააგვიანა“

პროფესორმა ტიმ ლენტონმა (Tim Lenton)  და დოქტორმა სტიუარტ დეინსმა (Stuart Daines) ექსეტერის უნივერსიტეტიდან,  კომპიუტერული მოდელი შემოგვთავაზეს, რომელიც  ხსნის 2,4 მილიარდი წლის წინათ, ე.წ. ჟანგბადის კატასტროფის შემდეგ დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის დონის სტაბილიზაციის დაბალ დონეს. ეს მაშინ როცა ფოტოსინთეზის დარგში ადრეული „ცდები“ ჟანგბადის გარკვეულ რაოდენობას უკვე იძლეოდნენ.

ავტორების აზრით ადრეულ პროტეროზიულ ეონში ორგანული მასალები - უმარტივესი არსებების ნაშთები - დანალექ ქანებში გროვდებოდა. ჟანგბადის კატასტროფის შემდეგ, როცა ტექტონიკურმა ფილებმა მოძრაობა დაიწყეს და დანალექი ქანები ზედაპირზე ამოვიდნენ, ორგანულ ნაერთებსა და ჟანგბადს შორის რეაქცია დაიწყო.

რაც მეტი იყო ჟანგბადი, მით უფრო სწრაფად მიდიოდა რეაქცია. პროცესის დროს შეიქმნა მარეგულირებელი მექანიზმი - დანალექი ქანების მიერ ჟანგბადი ისეთი რაოდენობით შთაინთქმებოდა, როგორი რაოდენობითაც იგი გენერირდებოდა.

 მაგრამ ხმელეთის მცენარეების გაჩენით და ფოტოსინთეზის პროცესის გაორმაგებით მექანიზმი დაირღვა და ნელნელა ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობამ ჩვენთვის ჩვეულს მიაღწია.  ეს თავის მხრივ ცხოველებს ხმელეთის კოლონიზაციაში დაეხმარა და საბოლოოდ ადამიანიც გაჩნდა.

 მოდელის მიხედვით ჟანგბადის კატასტროფის შემდეგ მთელი 2 მილიარდი წელი ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობა დაახლოებით  ახლანდელის 10%-ს აღწევდა.

პროფესორ ლენტონის აზრით ეს დედამიწის განვითარებაში  ერთგვარი ჩიხური პერიოდი იყო - სიცოცხლის რთული ფორმები ჟანგბადის უკმარისობის გამო ვერ ვითარდებოდნენ, ხოლო ჟანგბადი ცოტა იყო იმიტომ, რომ არ არსებობდნენ რთული მცენარეები. მხოლოდ ხმელეთის მცენარეების გაჩენით დაირღვა ეს მოჯადოებული წრე“.

 შეგახსენებთ, რომ თანამედროვე წარმოდგენით სიცოცხლე უმარტივესი ბაქტერიით დაახლოებით 3,8  მილიარდი წლის წინათ დაიწყო. 2,7  მილიარდი წლის წინათ ოკეანეში ფოტოსინთეზის პირველი მექანიზმები გაჩნდა, მაგრამ მხოლოდ 600 მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ ოკეანეებში  მრავალუჯრედიანი ორგანიზმები. ხმელეთზე მცენარეები 470  მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ, ხოლო პირველი ხმელეთის ცხოველები 42  მილიონი წლის შემდეგ. 65 მილიონი წლის წინათ, როცა დინოზავრები განადგურდნენ, ძუძუმწოვრები ეკოსისტემაში ჯერ კიდევ არ ასრულებდნენ გადამწყვეტ როლს. ადამიანები საერთოდ 200 ათასი წლის წინათ გამოჩნდნენ. ასე რომ თქვენ შეადარეთ  მასშტაბები.