მნიშვნელოვანი სიახლეები
დიაბეტის საწინააღმდეგო პირველი წამალი თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს

დიაბეტის საწინააღმდეგო პირველი წამალი თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს

ამერიკელმა მკვლევარებმა შექმნეს და თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს პირველი პრეპარატი, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებს ინსულინის მიმართ დაკარგულმგრძნობელობას აღუდგენთ. თუკი ადამიანებზე  კლინიკური გამოცდები წარმატებული იქნება, მაშინ მთელს მსოფლიოში მილიონობით დაავადებულს განკურნების იმედი გაუჩნდება.

მეორე ტიპის დიაბეტი მძიმე დაავადებაა, რომლის დროსაც დაავადებულის ორგანიზმი ინსულინის მიმართ  მგრძნობელობას კარგავს.  ეს ჰორმონი სისხლში შაქრის ოდენობას  აკონტროლებს. მკაცრი დიეტა და ტკბილზე სავსებით უარის თქმა სიმპტომებს ამსუბუქებს, მაგრამ სპეციალური მკურნალობის გარეშე დიაბეტი მაინც სერიოზულ გართულებებს იწვევს. კერძოდ ჩნდება მხედველობის  და გულსისხლძარღვთა პრობლემები. მისი მძიმე ფორმა ინსულინის ხშირ ინექციებს ითხოვს, რომელიც სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს.

 სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს და თაგვებზე გამოსცადეს პრეპარატი, რომელიც ორგანიზმს ინსულინზე მგრძნობელობას უბრუნებს. თაგვები, რომლებსაც დიაბეტი მომეტებული ცხიმიანობის მქონე საკვების გამო დაემართათ, ახალ პრეპარატს იღებდნენ. რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ სისხლში შაქრის დონის კონტროლირების უნარი დაუბრუნდათ. რაიმე ხილული გვერდითა ეფექტები შემჩნეული არ ყოფილა.

ახალი პრეპარატის მოქმედი ნივთიერება პროტეინული ტიროზინფოსფატაზის ინჰიბიტორია (LMPTP). ამ ფერმენტის მუშაობა უჯრედების მიერ ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაკარგვასთანაა დაკავშირებული.  წინა ექსპერიმენტებში ის თაგვები, რომელთა უჯრედებშიც LMPTP-ის სინთეზზე პასუხისმგებელი გენი იყო „გათიშული“, დიაბეტის სიმპტომებს არ ამჟღავნებდნენ. ამიტომაც გადაწყვიტეს მიეგნოთ ნივთიერებისათვის, რომელიც უჯრედებში უკვე სინთეზირებული ფერმენტის ინჰიბირებას მოახდენდა. ინჰიბიტორს მიაგნეს და თაგვებზე გამოსცადეს.  პრეპარატის მიღღების დროს თაგვების ღვიძლის ინსულინის რეცეპტორები ისევ სწორად იწყებდნენ მუშაობას და სისხლში შაქრის შემცველობა ნორმის ტოლი ხდებოდა.

თუკი კლინიკური გამოცდები პრეპარატის ეფექტურობას დაადასტურებს, მაშინ მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულები მალე ინსულინის ინექციაზე უარს იტყვიან: მათთვის ტორტის ნაჭერი ანდა ნაყინი აკრძალული აღარ იქნება და 400 მილიონი ადამიანი მთელს მსოფლიოში შვებით ამოისუნთქებს.