მნიშვნელოვანი სიახლეები
დინოზავრის წინაპარი “კროკოზავრი“ იყო

დინოზავრის წინაპარი “კროკოზავრი“ იყო

პერმული და ტრიასული პერიოდის გასაყარზე, დაახლოებით 252 მილიონი წლის წინათ დედამიწაზე მორიგი მასობრივი გადაშენება მოხდა, რომელმაც სახელად პერმული მიიღო. მას აგრეთვე უდიდეს მასობრივ გადაშენებას ეძახიან,  ვინაიდან  დედამიწის ბიოსფეროსათვის ეს მართლაც ყველაზე დიდი კატასტროფა იყო. ამ დროს ზღვის ცხოველების 96% და ხმელეთის ცხოველების 73% გადაშენდა. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მწერებიც კი მასობრივად იხოცებოდნენ.

 სიცოცხლე შემდეგ აღდგა, მაგრამ ამჟამად ლიდერის პოზიცია იმ ფორმებმა დაიკავეს, რომლებიც მანამდე ჩრდილში იდგნენ. ახალ ფორმებს შორის არქოზავრებიც აღმოჩნდნენ - ქვეწარმავალთა ჯგუფი, რომელთაგან  შემდგომ წარმოიშვნენ დინოზავრები, პტეროზავრები (თანამედროვე ფრინველების წინაპრები) და ნიანგები.

ნიანგები  დინოზავრებისა და პტეროზავრებისგან კიდურების სახსრებით განსხვავდებოდნენ: ნიანგებს იგი ბირთვის ფორმის აქვთ (ბირთვი ბირთვის მსგავს ბუდეში ზის), ხოლო დინოზავრებსა და ფრინველებს სახსარი ცილინდრის ფორმის აქვთ. არის სხვა ნიშნებიც, რითაც რეპტილიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მაგრამ როგორ გამოიყურებოდნენ პირველი დინოზავრები, რომლებიც არქოზავრებს ის-ის იყო გამოეყვნენ? ეს 250 მილიონი წლის წინათ მოხდა და იმ დროის პალეონტოლოგიური აღმოჩენები საკმაოდ იშვიათია. 

თუმცა ხშირად ხდება, რომ უძველესი ძვლები ხელთა გვაქვს და მათ შესწავლას კი გარკვეულ დრომდე ვერ ვახერხებთ. ასე დაემართა Teleocrater rhadinus-ის ძვლებსაც. ეს რეპტილია 247-242 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდა და მისი გაქვავებული ძვლები ტანზანიაში გასული საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინეს. ეს ძვლები საბუნებისმეტყველო მუზეუმის საცავებში 1956 წლამდე იდო, სანამ პალეონტოლოგმა ალან ჩერიგმა (Alan Charig) ისინი დაწვრილებით არ შეისწავლა. სწორედ მან  მისცა რეპტილიას სახელი და მანვე მიუთითა, რომ ეს ერთ-ერთი პირველი დინოზავრი იყო. მაგრამ გაქვავებული ძვლები ძალიან მცირე რაოდენობით იყო, ამიტომ ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ T. rhadinus-ი პირველ დინოზავრებს მიეკუთვნებოდა საკმაოდ საკამათო აღმოჩნდა.

   2015 წელს სტერლინგ ნესბიტმა (Sterling Nesbitt), ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან, სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრების მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ექსპედიცია მოაწყო ტანზანიაში იმ ადგილას, სადაც T. rhadinus-ი აღმოაჩინეს. მათ შეძლეს იმავე სახეობის დინოზავრის სხვა გაქვავებული ფრაგმენტების აღმოჩენა. ახლა ეს უძველესი დონოზავრი უფრო დაწვრილებით აღწერეს.

 T. rhadinus-ს უკვე ჰქონდა ე.წ. ფრინველფეხიანთა (Avemetatarsalia) დამახასიათებელი ნიშნები. ეს ჯგუფი აერთიანებს როგორც კლასიკურ დინოზავრებს, დიპლოდოკებიდან დაწყებული და ტირანოზავრებით დამთავრებული, ისე თანამედროვე ფრინველებსაც. თეძოს ძვალზე შემორჩენილი კუნთების კვალის მიხედვით ისინი ასევე მაგრდებოდნენ თეძოზე, როგორც დინოზავრებში და ფრინველებში. იმავდროულად T. rhadinus კიდურების სახსრები ნიანგის მსგავსი ჰქონდა. აქედან  შეიძლება დავასკვნათ, რომ  სფეროს ფორმის სახსარი ცილინდრულში უკვე შემდეგ გარდაისახა, როცა დინოზავრ-ფრინველების ხაზმა მთლიანად განიცადა ევოლუცია. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მომენტია - სწორედ კიდურის სახსრების გამო შეგვიძლია მივიჩნიოთ T.rhadinus  ფრინვეფეხიანთა  უძველეს წინაპრად.

 გარეგნულად „კროკოზავრი“ უფრო ნიანგს გავდა: ლომის ტოლა მტაცებელი, რომელიც ოთხ შედარებით მოკლე თათზე დგას. თანაც წინა თათები უკანა თათებისგან პროპორციულად ნაკლებად განსხვავებულია. T. rhadinus-ის უფრო სრული იდენტიფიკაციის შემდეგ პალეონტოლოგებმა უძველესი ხვლიკების კიდევ რამდენიმე ჯგუფს მოუნახეს ადგილი ევოლუციის პროცესში: ახლა ყველა მათგანი Aphanosauria-ს ჯგუფში გააერთიანეს და დინოზავრ-ფრინველების შტოს დასაწყისში მიუჩინეს ადგილი.