მნიშვნელოვანი სიახლეები
დრონებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდეც მიაღწიეს (+ვიდეო)

დრონებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდეც მიაღწიეს (+ვიდეო)

იაპონიის აეროკოსმოსურმა სააგენტომ კოსმოსური კარლსონის მიერ გადაღებული პირველი ფოტოები აჩვენა. ეს დრონი-ფოტოგრაფი სპეციალურად დაამზადეს, რათა ასტრონავტების ხელები ფოტოაპარატებისაგან გაენთავისუფლებინათ.

 იაპონური დრონი Int-Ball ძალიან სასიამოვნო გარეგნობის და სავსებით ფუნქციონალური გამოვიდა. დიდი მრგვალი „თვალები“ მას დაუხატეს, რათა ასტრონავტებს გაეგოთ თუ საითაა მიმართული კამერები. უწონადობაში დრონი თავის მდებარეობას სადგურის კედლებზე მიწებებული წერტილ-მარკერებით ადგენს. იგი თორმეტი ხრახნის მეშვეობით გადაადგილდება. Int-Ball-ის კორპუსის დიამეტრი 15 სანტიმეტრია. კორპუსში ხრახნიანი ძრავების და ფოტოკამერის გარდა პროცესორი, მართვის მოწყობილობა და კიდევ ერთი კამერაა, რომელიც მარკერებს ეძებს. დრონი  შესაძლებელია დედამიწიდან მართო, ანდა ავტომატურ რეჟიმზე გადართო.

ოთხ ივლისს კომპანია SpaceX-ის სატვირთო ხომალდმა Dragon-მა, რომელიც კოსმოსში მეორედ გაფრინდა, Int-Ball საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიიტანა.  დრონი იაპონურ სამეცნიერო მოდულ  Kibo-ში „დასახლდა“. აქამდე ასტრონავტები დროის 10%-ს ხელში კამერით ატარებდნენ. ისინი სამუშაო პროცესს და შედეგებს იღებდნენ. ახლა მათ ამ საქმეს დრონი შეასრულებს.