მნიშვნელოვანი სიახლეები
კიდურების დამბლა ტვინის იმპლანტანტით დაამარცხეს (+ვიდეო)

კიდურების დამბლა ტვინის იმპლანტანტით დაამარცხეს (+ვიდეო)

პარალიზებულმა ადამიანმა რვა წლის შემდეგ დამოუკიდებლად პირველად მიიღო საკვები. ამაში მას ექიმის მიერ ტვინში ჩანერგილი იმპლანტანტი დაეხმარა.

 ბილ კოჩევარი კლივლენდში 2006 წელს ველოსიპედით მომხდარი ავარიის შემდეგ მხრის ხაზის დაბლა პარალიზებული დარჩა. მისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით 2014 წელს ექიმებმა ტვინში ქირურგიული გზით ორი ნამცეცა ჩიპი ჩაუნერგეს. მათი მეშვეობით ტვინს ხელებისათვის სიგნალები უნდა გადაეცა. სიგნალები კომპიუტერზე მიერთებული  გარე კაბელებით გადაიცემა, კომპიუტერი კი თავის მხრივ სიგნალებს ხელის კუნთებში ჩანერგილ ელექტროდებს გადასცემს.

პირველი ცდისას ბილმა ჩალის ღერით დამოუკიდებლად დალია ყავა, კარტოფილის პიურე და მაკარონები ჩანგლის მეშვეობით მიირთვა. ამდენი წლის უმოძრაობის შემდეგ მისი კუნთები ატროფირებული იყო, ამიტომ ექიმებს მისთვის დახმარების გაწევა ამ კუთხითაც მოუწიათ: საქმეში რობოტექნოლოგიები ჩართეს.

„როგორც ცნობილია პარალიზირებულ ადამიანებს ზურგის ტვინი აქვთ დაზიანებული, ამიტომაც თავის ტვინიდან სიგნალები კუნთებამდე ვერ აღწევენ. ჩვენი სისტემა პირველ რიგში ამ ხარვეზს ასწორებს“, -  ამბობს ბობ კირში, კლივლენდში მდებარე  Case Western Reserve-იდან, კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი. მსგავსი ტექნოლოგიები მანამდეც გამოიყენებოდა რათა  პარალიზებული ადამიანებისათვის მარტივი მოძრაობების გაკეთება შესაძლებელი გაეხადათ. მაგრამ ტვინისა და კუნთის იმპლანტანტები აქამდე ექსპერიმენტული ლაბორატორიის ფარგლებს არ გასცილებია.

 კირშს იმედი აქვს, რომ  მომავალ წლებში ეს პრაქტიკა სამედიცინო დაწესებულებებში თანდათან დაინერგება, მაგრამ მანამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა ჩასატარებელი. სავარაუდოთ ეს ტექნოლოგია ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციის დროსაც გამოსადეგი იქნება.