მნიშვნელოვანი სიახლეები
მარსი ასტეროიდების სარტყლიდან  მოსული სტუმარი აღმოჩნდა

მარსი ასტეროიდების სარტყლიდან მოსული სტუმარი აღმოჩნდა

მზის სისტემის ჩასახვის და მისი არსებობის პირველი მილიარდი წლის შესახებ ახალმა კომპიუტერულმა სიმულაციამ მეცნიერებს იმის განცხადების საფუძველი მისცა, რომ მარსის ფორმირება მზესთან ახლო სივრცეში დედამიწის ჯგუფის სხვა პლანეტებთან ერთად არ მომხდარა. მარსი ასტეროიდების სარტყლის ადგილას წარმოიშვა და მხოლოდ შემდეგ გადაადგილდა თავის ახლანდელ ადგილას.

მარსის მასა დედამიწის მასის მეცხრედ ნაწილს შეადგენს. მარსის მოკრძალებული ზომები აქამდე იუპიტერის გავლენით აიხსნებოდა: თვლიდნენ, რომ  მზის სისტემის არსებობის პირველი მილიარდი წლის განმავლობაში პლანეტა გიგანტი მზის მიმართულებით მოძრაობდა. შემდეგ იგი სატურნთან ორბიტალურ რეზონანსში შევიდა და ასტეროიდების სარტყლის გარეთ სტაბილური ორბიტა დაიკავა. მზისკენ მოძრაობისას იუპიტერმა მატერიის ნაწილი ამოტყორცნა, რომლისგანაც დედამიწა და ვენერა წარმოიშვნენ. რაც დარჩა იმისგან მცირე ზომის პლანეტები, მარსი და მერკური წარმოიშვნენ.

 ეს მოდელი ვარაუდობდა, რომ ოთხივე ქვის პლანეტა „თიხის ერთი ნაჭრისგან“ წარმოიშვა და შესაბამისად მათ ერთნაირი ქიმიური და იზოტოპური შემადგენლობა უნდა ჰქონდეთ. მაგრამ ანალიზმა აჩვენა, რომ მარსის ქანების შემადგენლობა დედამიწის ქანების შემადგენლობისგან განსხვავებულია. კერძოდ მარსზე ჟანგბადის 16,17 და 18 იზოტოპების სრულიად სხვაგვარი ბალანსია.

 პლანეტოლოგი რამონ ბრასერი (Ramon Brasser) ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან და გეოლოგი სტივენ მოიჟესი (Stephen Mojzsis)ბოულდერის კოლორადოს უნივერსიტეტიდან სხვა აზრზე არიან. მათ ჩვენი პლანეტარული სისტემის წარმომქმნელი გაზისა და მტვრის ღრუბლის შეკუმშვის პირველ მილიარდ წელს მიმდინარე პროცესების ხელახალი სიმულირება მოახდინეს. სიმულაციის დიდი ნაწილი მარსის დედამიწის სიახლოვეს წარმოქმნას ითვალისწინებდა, რომელიც შემდეგ თავის ახლანდელ ორბიტაზე გადავიდა, მაგრამ ამით პლანეტების განსხვავებული იზოტოპური შემადგენლობა არ აიხსნებოდა.

 ბრასერისა და მოიჟესის  ერთ-ერთი სცენარი, რომელიც სიმულაციების მხოლოდ 2%-ს მოიცავდა, მარსის წარმოქმნას მზიდან ორჯერ უფრო შორ მანძილზე, ასტეროიდების სარტყლის ადგილას ითვალისწინებდა. ამ სცენარის მიხედვით მარსი თანამედროვე ორბიტაზე იუპიტერის გრავიტაციის ზემოქმედებით აღმოჩნდა. იუპიტერმა  მოძრაობისას  მარსი მზესთან ახლოს „გადმოაგდო“. მან იმავდროულად მარსის წარმომქმნელი მატერიის ნაწილიც მიითვისა. ამიტომაც მარსი ასეთი პატარა გამოვიდა. მეცნიერთა განცხადებით, მარსის წარმოშობის ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ უფრო რეალისტური ჩანს.

 თუკი ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ მარსი თავისი არსებობის პირველი მილიონი წლების განმავლობაში მზისგან სხვა ქვიან პლანეტებზე გაცილებით ნაკლებ სითბოს იღებდა. ეს კი თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მარსზე თხევადი წყალი გაცილებით გვიან გაჩნდა. ამიტომაც მზისგან დაშორებულ ახალგაზრდა მარსზე, ნაკლებად თბილ და ნაკლებად ტენიან პლანეტაზე, ოდესღაც სიცოცხლის არსებობა ნაკლებ შესაძლებელი გამოდის.