მნიშვნელოვანი სიახლეები
მარსის გარშემო შეიძლება რგოლები გაჩნდეს

მარსის გარშემო შეიძლება რგოლები გაჩნდეს

რამდენიმე ათეული მილიონი წლის შემდეგ მარსი თავის ერთ-ერთ თანამგზავრს, ფობოსს დაამსხვრევს და მისგან სატურნის მსგავს რგოლებს შექმნის. მაგრამ ეს ჯერ მთლად დაზუსტებული ინფორმაცია არაა.

2013 წელს მარსამდე ატმოსფერული თანამგზავრი Mars Atmosphere and Volatile Evolution (MAVEN) მიფრინდა. მან ატმოსფეროს ზედა ფენებში  მტვერი აღმოაჩინა, რომელიც პლანეტის გარშემო თანაბრად იყო გაბნეული. ამ მტვრის წარმოშობის შესახებ თანამგზაბრმა ვერანაირი ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლო.

მეცნიერთა ვარაუდით ეს მტვერი მეტეორიტების მიერ მოტანილი უნდა იყო, თუმცა მათში მარსის თანამგზავრების, ფობოსის და დეიმოსის ნივთიერებათა კვალიც აღმოჩნდა. მარსის მეტეორიტული ბომბარდირების კომპიუტერული მოდელის შექმნის შემდეგ ინდოელმა ფიზიკოსმა ჯაეშ პაბარიმ (Jayesh Pabari) მოდელის გაანგარიშებები MAVEN-ის მონაცემებს შეუდარა და აღმოაჩინა, რომ მარსის ატმოსფეროში მტვრის 0,6% ფობოსის და დეიმოსის „დამსახურება“ იყო.

 ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ფობოსის ანდა დეიმოსის მტვერი პროტორგოლებად ყალიბდებოდეს, მაგრამ ფობოსის ორბიტის არასტაბილურობა ამ თეორიას ამტკიცებს. 20-70 მილიონი წლის შემდეგ მარსის მიზიდულობა ფობოსს ორბიტიდან ჩამოაგდებს, მაგრამ იმ დროისათვის ფობოსი მეტეორიტული ბომბარდირების გამო გაცილებით პატარა იქნება.

იმისათვის, რომ ზუსტად გაირკვეს მართლაც ხდება მომავალი რგოლების ფორმირება თუ არა, სპეციალური აპარატია საჭირო, რომელიც წითელი პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენებს ანალიზს ჩაუტარებს და შეისწავლის. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფობოსის მომავალზე რაიმეს დაზუსტებით თქმა.