მნიშვნელოვანი სიახლეები
მკვლელი ობობა ადამიანებს ინსულტის წამალს მისცემს

მკვლელი ობობა ადამიანებს ინსულტის წამალს მისცემს

ავსტრალიური ობობას სასიკვდილო შხამი ის უნიკალური კომპონენტი აღმოჩნდა, რომლისგანაც მეცნიერები ინსულტის შედეგების აღმოსაფხვრელ საშუალებას მიიღებენ.

 ყოველწლიურად ინსულტისგან 6 მილიონი ადმიანი იღუპება და კიდევ 5 მილიონი ინვალიდი რჩება. ინსულტი მსოფლიოში სიკვდილიანობის მიხედვით მესამე ადგილზე დგას. ინსულტის დროს თავის ტვინი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის. ზოგჯერ ეს გულსისხლძარღვთა პრობლემებით არის გამოწვეული, ზოგჯერ თვით ტვინში არსებული კაპილარებით.

 პათოგენეზის მიზეზის მიუხედავად ინსულტის დროს ერთნაირი სურათი იხატება: თავის ტვინის უჯრედები საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს ვერ იღებენ და ამიტომაც კვების უჟანგბადო სისტემაზე - ანაერობულ გლიკოლიზზე გადადიან. გლიკოლიზის დროს ტვინი საკვების დეფიციტს კი უმკლავდება, მაგრამ ამ დროს ნეირონებში მჟავური გარემო წარმოიქმნება, რომელიც უჯრედებს შლის. ნეირონების სიკვდილი მძიმე შედეგებს იწვევს და ხშირად პაციენტები მოტორული და კოგნიტიური ფუნქციების აღდგენას ვერ ახერხებენ.

 დღემდე ფარმაცევტულ ბაზარზე არ არსებობდა წამალი, რომელიც ინსულტის შემდეგ ნეირონებს სიკვდილისგან დაიცავდა, მაგრამ ვითარება შეიძლება ორ წელიწადში შეიცვალოს. ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ობობა Hadronyche infensa-ს შხამი, რომელიც ადამიანს 15 წუთში კლავს, უვნებელ კომპონენტს შეიცავს, რომლის გამოყენება ნეირონების გადასარჩენად შეიძლება. ამ კომპონენტმა მეცნიერთა ყურადღება იმით მიიპყრო, რომ მისი მოლეკულა ძლიერ ჰგავდა იონურიარხების ინჰიბიტორის მოლეკულას. ობობას შხამიდან მიღებული პეპტიდი სახელად Hi1a, გაცილებით უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე იმავე დანიშნულების ადრე ცნობილი პრეპარატები.

როგორც გაირკვა Hi1a მჟავის მოლეკულაზე უჯრედის რეაქციას ბლოკავს და მისი ზემოქმედებით ნეირონების დაშლას ხელს უშლის. ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად აღმოჩნდა, რომ Hi1a-ის ინექცია ხელს უწყობს მოტორული ფუნქციების აღდგენას მაშინაც კი, როცა ინსულტიდან 8 საათია გასული. ახლა მკვლევარები Hi1a-ის ადამიანებზე გამოცდებისათვის ემზადებიან. ტესტები დაახლოებით ორ წელს გასტანს.