მნიშვნელოვანი სიახლეები
მსოფლიოში პირველი ელექტროსადგური გაუშვეს, რომელიც ნახშირორჟანგს შთანთქავს

მსოფლიოში პირველი ელექტროსადგური გაუშვეს, რომელიც ნახშირორჟანგს შთანთქავს

ისლანდიაში მსოფლიოში პირველი ელექტროსადგური ჩადგა მწყობრში, რომელიც უფრო მეტ ნახშირორჟანგას შთანთქავს, ვიდრე გამოიმუშავებს.

 გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში მსოფლიო ლიდერები და მეცნიერები ისეთ გეოინჟინრულ ტექნოლოგიებს აღიარებენ, რომლებიც სათბურის აირებს შთანთქავენ. მეცნიერები ამგვარი ტექნოლოგიების ამოქმედებას 2030 წლისათვის ვარაუდობდნენ. მაგრამ ისლანდიაში უკვე გაიხსნა ელექტროსადგური, რომელიც სათბურის აირების შთანთქმის საშუალებას იძლევა.

300 მეგავატი სიმძლავრის გეოთერმული ელექტროსადგური ჰელისჰეიდი კომპანია Climeworks-ის მოდულითაა აღჭურვილი, რომელიც ნახშირორჟანგს ჰაერიდან გამოყოფს. ჯერჯერობით ელექტროსადგური საპილოტე რეჟიმში მუშაობს და წელიწადში მხოლოდ 50 ტონა ნახშირორჟანგას შთანთქავს.

პროცესი დაახლოებით ამგვარად გამოიყურება: აღნიშნული მოდული ფილტრავს ჰაერს და ნახშირორჟანგს გამოყოფს, რომელიც ირევა წყალში და მიწის ქვეშ 700 მეტრის სიღრმეში, ბაზალტის ქანებში იტუმბება. იქ ნახშირორჟანგიდან მყარი მინერალი მიიღება.

 პროექტს CarbFix 2 ეწოდება და მის რეალიზაციას ისლანდიური კომპანია Reykjavik Energy ახდენს. პროექტის ფარგლებში მსგავსი ტექნოლოგია სხვა გეოთერმულ ელექტროსადგურებზეც დაინერგება. 2025 წლისათვის ნახშირორჟანგის მსოფლიო ამონატყორცნის 1% მყარ მინერალად გადაიქცევა.