მნიშვნელოვანი სიახლეები
მთელი სხეულისათვის განკუთვნილი პირველი პოზიტრონული ტომოგრაფი დაავადების დანახვის საშუალებას მოგვცემს

მთელი სხეულისათვის განკუთვნილი პირველი პოზიტრონული ტომოგრაფი დაავადების დანახვის საშუალებას მოგვცემს

დევისის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ინჟინრებმა პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფის პროექტი შექმნეს. ეს სამედიცინო ხელსაწყო მთელ სხეულს დაასკანირებს და რადიოლოგიაში რევოლუციას მოახდენს.

პოზიტრონული ემისიური ტომოგრაფიის მეთოდი პოზიტრონისა და ელექტრონის ანიჰილაციის მეთოდს ეფუძნება. გამოკვლევის წინ ადამიანი რადიოფარმპრეპარატს იღებს. ეს ორგანული ნივთიერებაა, რომლის მოლეკულაში კვლევის ტიპიდან გამომდინარე ერთი ატომი იცვლება ხანმოკლე სიცოცხლის მქონე იზოტოპით. მოლეკულა იშლება და პოზიტრონს გამოასხივებს. პოზიტრონი უახლოეს ელექტრონს ეჯახება და ორივე ანიჰილირებას ახდენს: გადაიქცევა ორ მაღალი ენერგიის მქონე ფოტონად (გამა-კვანტად). ამ ფოტონებს გადამწოდები ტომოგრაფის „მილში“ აფიქსირებენ, რის შემდეგაც პროგრამა გამა-კვანტების ტრაექტორიას აღადგენს. იმის გამო, რომ ნივთიერება შესაბამის ორგანოებში ხვდება, ამიტომ ამგვარი ტომოგრაფიით დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიღება შეიძლება. მაგალითისათვის, მათი დახმარებით შესაძლებელი იქნება ტვინის აქტივობის ზონების, მეტასტაზების ანდა ანთების კერების დანახვა.

 პოზიტრონული ტომოგრაფები ბევრ დარგში გამოიყენება, ვინაიდან ისინი დიდად ინფორმაციულები არიან, მაგრამ ძვირ სიამოვნებას წარმოადგენენ. საქმე იმაშია, რომ რადიოფარმპრეპარატები კონკრეტული კვლევისათვის სინქროტრონებში მიიღება. თავად სკანერიც არაა იაფი. აქამდე არსებული სკანერები ინფორმაციას მხოლოდ სხეულის მცირე ნაწილიდან იღებდნენ - 25 სანტიმეტრის ზომის სხეულის ნაწილისგან. ამის გამო დინამიური დიაგნოსტიკა შეუძლებელი იყო.

 მთელი სხეულისათვის განკუთვნილი სკანერი დიაგნოსტიკის სიზუსტეს 40-ჯერ გაზრდის, ხოლო სასარგებლო სიგნალის ხმაურთან თანაფარდონა ექვსჯერ გაიზრდება. თავის მხრივ ხელსაწყოს მგრძნობიარობის გაზრდა უფრო ნაკლები რაოდენობის რადიოპრეპარატების გამოყენების საშუალებას იძლევა.

ახალ სკანერს პირველ რიგში ონკოლოგიური განყოფილებები მიიღებენ: მათი დახმარებით სიმსივნეების მცირე ზომების და მეტასტაზების გამოვლენა იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთი პერსპექტიული მიმართულება კლინიკური გამოცდების დროს ახალი პრეპარატების ტესტირება და მათი მოქმედების უშუალოდ სხეულში დაკვირვება იქნება.