მნიშვნელოვანი სიახლეები
მთვარეზე ღრმა მიწისქვეშა გვირაბები აღმოაჩინეს

მთვარეზე ღრმა მიწისქვეშა გვირაბები აღმოაჩინეს

იაპონელმა მეცნიერებმა მთვარეზე ღრმა და გრძელი მიწისქვეშა გვირაბები აღმოაჩინეს, რომლებიც შესაძლოა ადამიანთა მომავალი დასახლებებისათვის გამოდგეს.

ადრე თუ გვიან დადგება დრო, როცა ადამიანებს მყუდრო დედამიწის მიტოვება მოუწევთ და ისინი სხვა კოსმოსურ სხეულებზე განსახლდებიან. უკვე არსებობს მარსის, პლანეტა პროქსიმა-B-ს ანდა TRAPPIST-1-ის დასახლების სხვადასხვა გეგმები. მაგრამ როგორი პერსპექტივა ისახება ამ მიმართულებით მთვარის გარშემო?

 არსებობს არსებითი უარყოფითი ნიშნები: მთვარეს არა აქვს ატმოსფერო, რომელიც კოსმოსური რადიაციისგან დაგვიცავს. იაპონელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც მთვარის ღრმა ორმოებს იკვლევდა, მივიდა დასკვნამდე, რომ ზოგი მათგანი ორმო კი არაა, არამედ გვირაბების შესასვლელებია, რომლებიც მრავალ კილომეტრზე ვრცელდებიან. შეიძლება სწორედ ისინი გახდნენ დედამიწის გარეთ ჩვენი პირველი სახლები.

 მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2009 წელს „მარიუსის ბორცვების“ პლატოზე ღრმა ხვრელი აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევს. გასულ წელს ნასას მისიამ  Gravity Recovery and Interior Laboratory (GRAIL) გრავიტაციული ანომალია აღმოაჩინა, რომელიც სიცარიელეზე მიუთითებდა. მეცნიერებს აინტერესებდათ თუ რას წარმოადგენენ ეს სიცარიელეები: ჰორიზონტალურ გვირაბებს, ლავურ არხებს თუ მაგმის ღია ამოფრქვევების კვალს.

 ახლა იაპონური აპარატ „კაგუიას“ მეშვეობით მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ამ დიდი ხვრელების სიახლოვეს მრავალკილომეტრიანი სიცარიელე არსებობს. თავიანთი კვლევის შედეგების შესახებ მათ Lunar and Planetary Science-ის 48-ე კონფერენციაზე მოხსენებაც წაიკითხეს. დედამიწაზეც არსებობს ამგვარი წარმონაქმნები. ისინი მაშინ ჩნდებიან, როცა მაგმა ცივდება და თანდათან იკლებს ზომაში. სწორედ მაშინ წარმოიქმნება სიცარიელე. არ შეიძლება 100%-იანი დაჯერებით ვამტკიცოთ, რომ მთვარეზე აღმოჩენილი სიცარიელეები მაგმური წარმოშობისაა. ამიტომაც საჭიროა დაზვერვითი მისიების წარმოება. თუკი ღრმა, გრძელი გვირაბების არსებობა დადასტურდა, მაშინ ისინი სავსებით შესაძლებელია მთვარეზე ადამიანთა დასახლებებისათვის გამოვიყენოთ.