მნიშვნელოვანი სიახლეები
NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა კურსი შეცვალა რათა ფობოს არ შეჯახებოდა

NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა კურსი შეცვალა რათა ფობოს არ შეჯახებოდა

NASA -ს კოსმოსური ზონდი Maven-ი იძულებული გახდა კურსი შეეცვალა, რათა მარსის თანამგზავრ ფობოსს არ შეჯახებოდა. ამის შესახებ ამერიკის კოსმოსური სამმართველო იუწყება.

ზონდის ფრენას პასადენაში (კალიფორნიის შტატი) მდებარე რეაქტიული ძრავების ლაბორატორია ხელმძღვანელობდა. მათ  Maven-ის სიჩქარე ცოტათი გაზარდეს, რათა იგი მარსის თანამგზავრ ფობოსისთვის აეცილებინათ.

 ტრაექტორიის ცვლილების გარეშე Maven-ი და ფობოსი ერთ წერტილს ორშაბათს, 6 მარტს 7 წამის განსხვავებით მიაღწევდნენ. ახლა მათ შორის დროითი ინტერვალი 1,5-2 წუთით გაიზარდა.

 ზონდი Maven-ი დედამიწიდან 2013 წლის ნოემბერში გაუშვეს. მან 2014 წლის სექტემბერში მარსამდე მიაღწია. ზონდის ამოცანაა მარსის ატმოსფეროს ზედა ფენების შესწავლა, ასევე მისი ზემოქმედება მზესთან და მზის ქართან (მზის გვირგვინისგან მომავალი იონიზირებული ნაწილაკების ნაკადთან). ზონდი მარსის ატმოსფეროს შესახებ მონაცემებს ელიფსური ტრაექტორიით ფრენისას აგროვებს. მასა და პლანეტას შორის უმცირესი მანძილი 150 კილომეტრია, ხოლო მაქსიმალური დაშორება 6,3 ათას კილომეტრს აღწევს.