მნიშვნელოვანი სიახლეები
NASA-ს მარსის ტერაფორმირება სურს

NASA-ს მარსის ტერაფორმირება სურს

NASA -ს პლანეტოლოგებს სპეციალური მაგნიტური ფარის გაშვება სურთ, რომელიც მარსის კოლონისტებს წითელი პლანეტის ტერაფორმირებაში დაეხმარება და მის ატმოსფეროსა და ოკეანეებს აღადგენს.

მარსის უფრო მკვრივი ატმოსფერო წყალს თხევად მდგომარეობაში შეინარჩუნებს და მცენარეებს ზრდის საშუალებას მისცემს.

 პლანეტოლოგების აზრით შორეულ წარსულში, დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის წინათ მარსი დედამიწის მსგავსი იყო. მას მკვრივი ატმოსფერო, წყლის ოკეანეები და საკმაოდ რბილი კლიმატი ჰქონდა. ეს კი იმის წინაპირობას ქმნიდა, რომ იქ სიცოცხლე წარმოშობილიყო. მილიარდი წლის შემდეგ კი მარსი უსიცოცხლო უდაბნოდ იქცა. მისი ატმოსფერო კოსმოსში გაიბნა, ხოლო წყლის მარაგი ან გაიყინა პოლუსებზე, ანდა წითელი პლანეტის ქვიშიანი ზედაპირის ქვეშ დაიმალა.

რატომ მოხდა ეს? მეცნიერთა აზრით ეს იმის გამო მოხდა, რომ მარსს დედამიწის და იუპიტერის მსგავსად საკუთარი მაგნიტური ველი არ ჰქონდა, ანდა იგი მისი არსებობის პირველი რამდენიმე ასეული მილიონი წლის მანძილზე გაქრა. ამის გამო მზის ქარის ნაწილაკებმა, რომელიც მარსის ატმოსფეროს ეჯახებოდა, წითელი პლანეტას ატმოსფეროს 99% „შემოაფცქვნა“

 NASA-ს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ დაკარგული არაა. მათ სურთ მარსის გარშემო ხელოვნური მაგნიტური ველი შექმნან, რომელიც საკმარისი იქნება მზის ქარის ნაწილაკებისგან მარსის დასაცავად.

 როგორც მათი გაანგარიშებებიდან ჩანს, ეს ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს. მარსის ატმოსფერო არსად აღარ გაქრება, ხოლო ვულკანების და ატმოსფერული აირის სხვა წყაროების მეშვეობით მარსის ატმოსფეროს სიმკვრივე სწრაფად გაიზრდება.

 ეს თავის მხრივ მარსის ზედაპირის დათბობას გამოიწვევს. მისი სულ რაღაც 4 გრადუსით გათბობის შედეგად, პოლარულ ქუდებში გაყინული ნახშირორჟანგი გალხვება, რაც მარსის ატმოსფეროს კიდევ უფრო გაამკვრივებს. დაიწყება სათბურის ეფექტი, რაც გაყინულ წყალს გაადნობს. წარმოიქმნება მდინარეები და წყალსატევები. გაჩნდება მცენარეებისა და ცხოველების განსახლების პირობები.  ეს პროცესი ათწლეულები გაგრძელდება და მარსი გიგანტურ პლანეტოლოგიურ ლაბორატორიად იქცევა.

მალე NASA-ს სპეციალისტები ამგვარი ფარის ზუსტ ღირებულების შესახებ ანგარიშს წარადგენენ. ასევე ცნობილი იქნება თუ რამდენ ხანს გასტანს მარსის „გალხობის“ პროცესი და ამ პროექტის სხვა დეტალები.