მნიშვნელოვანი სიახლეები
რატომ ისვრის კარამელი ნაპერწკლებს? (+ვიდეო)

რატომ ისვრის კარამელი ნაპერწკლებს? (+ვიდეო)

შესაძლოა მოგისმენიათ მითი იმის შესახებ, რომ Wint-O-Green-ის კარამელი დარტყმისას ბნელ ოთახში ნამდვილ ნაპერწკლებს ისვრის. ძნელი წარმოსადგენია, რომ პატარა კანფეტს ელექტროობის გენერირება შეუძლია, მაგრამ აქ არანაირ მაგიას ადგილი არა აქვს. ეს უბრალოდ მეცნიერებაა.

 როცა თქვენ ნამდვილი შაქრისგან და არა ხელოვნური დამატკბობლებისგან დამზადებულ კანფეტს აკბიჩავთ, ანდა ფქვავთ, შაქრის კრისტალში ატომები ელექტრონებს კარგავენ, რომლებიც ჰაერში მყოფი აზოტის მოლეკულებს ეჯახებიან. აზოტი ამ ელექტრონების ენერგიას შთანთქავს, რომელსაც შემდგომ სინათლის სახით ისევ ასხივებს. ამ ეფექტს ტრიბოლუმინისცენცია ეწოდება.

ჩვეულებრივ გამოსხივებული სინათლე ულტრაიისფერი და უხილავია ადამიანის თვალისათვის. მაგრამ Wint-O-Green-ის კარამელს არომატიზატორად მეთილსალიცილატი აქვს გარეული, რომელიც ფლუორესცენტულია. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი აზოტის მოლეკულის მიერ გამოსხივებულ ულტრაიისფერ სინათლეს შთანთქავს და ისევ ასხივებს, ოღონდ უკვე ხილულ სპექტრში. სწორედ ამიტომ Wint-O-Green-ის კანფეტების მოკბეჩისას  კაშკაშა ცისფერი ნაპერწკლები ჩნდება, რომელთა დანახვა მაღალსიჩქარიანი კამერის გარეშეც შეიძლება დაფიქსირდეს.