მნიშვნელოვანი სიახლეები
შეიქმნა ხელოვნური დიაფრაგმა, რომელიც სინათლის სხივზე რეაგირებს  (+ვიდეო)

შეიქმნა ხელოვნური დიაფრაგმა, რომელიც სინათლის სხივზე რეაგირებს (+ვიდეო)

ფინელმა მეცნიერებმა ხელოვნური დიაფრაგმა შექმნეს, რომელიც გადამწოდების გარეშე იხსნება დ აიხურება. მომავალში ეს დაზიანებული ფერადი გარსის მქონე ადამიანებს დაეხმარება.

 ახალი ხელოვნური დიაფრაგმა მზის სხივების ზემოქმედებით იხსნება და იხურება, ზუსტად ისე, როგორც ადამიანის თვალის ფერადი გარსი. ეს არა მხოლოდ თანამედროვე კამერებს გააუმჯობესებს, არამედ დაზიანებულ თვალსაც აღადგენს.

 გუგა ეს არხია, რომლის გავლითაც სინათლე თვალის კაკალში აღწევს. ფერადი გარსი გუგის ზომას აკონტროლებს და ამგვარად შემომავალი სინათლის რაოდენობასაც არეგულირებს.

 მსგავსი ხელოვნური ხვრელები როგორც წესი გადამწოდებს მოითხოვს, რომელიც გახსნის ანდა დაკეტვის მომენტებს განსაზღვრავენ. ფინეთის ტამპერეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერის, ანრი პრიიმიაგის და მისი კოლეგების  მიერ შექმნილ ხელოვნურ დიაფრაგმას მსგავსი გადამწოდები არ სჭირდება - იგი სინათლის სხივის ზემოქმედებით იხსნება და იხურება. ამგვარი ტექნოლოგიის შესაქმნელად მათ 14 მმ-იანი თხელი დისკი დასჭირდათ, რომელზედაც რადიალური ჭრილებით 12 „ფოთოლია“ შექმნილი და გარეგნულად დაჭრილი პიცას მიაგავს. დისკი პოლიმერიზებული თხევადკრისტალიანი ელასტომერისგან არის შექმნილი. ეს რეზინისმაგვარი მასალა ფორმას გახურებით იცვლის.

 სიბნელეში ყველა ფოთოლი დახვეულია და გარეთაა მიბრუნებული, ასე რომ ცენტრში გუგის მსგავსი ნახვრეტი რჩება. იმისათვის, რომ დისკის მასალას სინათლეზე მოეხდინა რეაგირება და არა სითბოზე, მას წითელი საღებავი დაუმატეს. როცა ფოთლებზე სინათლის სხივი ხვდება, იგი თბება და ფოთლებს აიძულებს ამოძრავდნენ, გაიშალონ და დახურონ დიაფრაგმა.

 აქამდე არსებული ხელოვნურ დიაფრაგმებს, რომლებსაც დაზიანებული თვალის მქონე ადამიანებს უდგამდნენ, გუგის ფიქსირებული ზომა გააჩნდათ, რომელიც კაშკაშა სინათლეზე არის გათვლილი. ამის გამო არასაკმარისი განათებისას პაციენტები  ცუდათ ხედავენ.

 პრიიმიაგის განცხადებით მოწყობილობა ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ მზად და მათი ადამიანებისათვის გადანერგვა ჯერ არ შეიძლება. მას ჯერ კიდევ ზუსტი კონტროლი არ გააჩნია და მხოლოდ სინათლის ძლიერ ცვლილებაზე რეაგირებს. „მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ შევძლებთ ტექნოლოგიის გაუმჯობესებას“, - აცხადებს მეცნიერი.

ხელოვნური დიაფრაგმა წამის მეასედ ნაწილებში იხურება, მაგრამ ეს ზოგი მგრძნობიარე კამერისთვის საკმარისი არაა - მათი დიაფრაგმა მილიწამების განმავლობაში უნდა რეაგირებდეს. ამას გარდა ხელოვნური დიაფრაგმა მჭიდროდ არ იკეტება, ფოთლებს შორის სინათლის 10% მაინც აღწევს.  ამის მიუხედავად მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემების გადაჭრა სავსებით შეიძლება.