მნიშვნელოვანი სიახლეები
შვეიცარიაში სილიკონის გული შექმნეს (+ვიდეო)

შვეიცარიაში სილიკონის გული შექმნეს (+ვიდეო)

ციურიჰელმა სპეციალისტებმა სილიკონის გული შემქნეს, რომელიც ისევე ფეთქავს, როგორც ნამდვილი გული. მეცნიერებს ამჯერად ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელი გამოუვიდათ.

ხელოვნური ტუმბო მედიცინაში როგორც დროებითი საშუალება ისე გამოიყენება - სანამ პაციენტი დონორის გულს ელოდება. სადღეისოდ მსოფლიოში 26 მილიონ ადამიანს გულის უკმარისობა აწუხებს. არსებულ იმპლანტანტებს ბევრი ნაკლი აქვთ - მაგალითად მოძრავი მექანიკური ნაწილები ზოგჯერ გართულებებს იწვევენ. ამ პრობლემას მთლიანად აღმოფხვრის ხელოვნური ორგანო, რომელიც ფორმითაც და ფუნქციითაც ნამდვილი გულის მსგავსი იქნება.

 რბილი ხელოვნური გული 3D-ბეჭდვის დახმარებით სილიკონისგან შექმნეს. იგი 390 გრამს იწონის და 679 კუბური სანტიმეტრი მოცულობისაა. მისი აგებულება ბუნებრივის მსგავსია: მას მარჯვენა და მარცხენა პარკუჭები გააჩნია. ადამიანის გულში ეს განყოფილებები ძგიდით არიან გამოყოფილები. ხელოვნურ გულში კი მის ადგილას დამატებითი კამერაა. სისხლის შემცვლელი სითხის გადატუმბვისას კამერა იკუმშება და დაჭირხნილი ჰაერით იბერება, რაც ადამიანის გულის კუნთის შეკუმშვის იმიტაციას წარმოადგენს.

 შვეიცარიელი მეცნიერების ნამუშევარი ამტკიცებს, რომ ადამიანის ორგანოს მსგავსად მომუშავე ხელოვნური ორგანოს შექმნა შესაძლებელია. მთავარი პრობლემა ამგვარი იმპლანტანტის მუშაობის მცირე დროა. ჯერჯერობით რბილი ხელოვნური გული მხოლოდ 30-45 წუთს მუშაობს (სამი ათასამდე დარტყმა).