მნიშვნელოვანი სიახლეები
სინესტის ობმა NASA არამიწიერ ორგანიზმებთან შესახვედრად შეამზადა

სინესტის ობმა NASA არამიწიერ ორგანიზმებთან შესახვედრად შეამზადა

სახლში უცნაური ობის დანახვა არც თუ ისე სასიამოვნოა, მაგრამ თუ თქვენი სახლი საერთაშორისო კოსმოსური სადგურია, რომელიც 400 კილომეტრის სიმაღლეზეა „დაკიდებული“, მაშინ მით უფრო მოგინდებათ ამ დაუპატიჟებელი სტუმრის წარმომავლობის გარკვევა. სადგურზე გაჩენილი ობის სახეობის დადგენის სურვილმა NASA-ს სპეციალისტები აიძულა უწონადობაში დნმ-ის სეკვენირებისათვის საჭირო ხელსაწყო დაემზადებინათ.

ნესტის ობი სადგურზე ყოველთვის იყო - ბიოლოგიურ ლაბორატორიებშიც და საკანალიზაციო სისტემების სიახლოვეს. თავად ობი ასტრონავტების შიშს არ იწვევდა - კოსმოსურ სადგურზე სადეზინფექციო საშუალებები საკმარისად მოიპოვება. ადრე სადგურზე ახალი მდგმურის სახეობის დადგენას მისი ნიმუშის დედამიწაზე გაგზავნით ახერხებდნენ.

მაგრამ ცდა, თუ როდის დაბრუნდება დედამიწაზე მორიგი „სოიუზი“ ანდა „დრაგონი“ არ სურდათ. ამიტომაც გასულ წელს ქეით რუბინი პირველი ასტრონავტი გახდა, რომელმაც კოსმოსში დნმ-ის სეკვენირება მოახდინა. ამისათვის მან აპარატი სახელად MinION-ი გამოიყენა, რომელსაც დნმ-ის ანდა რნმ-ის მოლეკულაში ჩაწერილი გენეტიკური კოდის წაკითხვა შეუძლია.

 მსგავსი ხელსაწყოები დიდი ეპიდემიების დროს ფართოდ გამოიყენება. მათი მეშვეობით სწრაფად ხდება სახიფათო ვირუსების (ებოლას ანდა ზიკას მსგავსი) სწრაფი განსაზღვრა. ამას გარდა მათ დიდი ლაბორატორიებისგან დაშორებით, მაგალითად პოლარულ სადგურებში - დნმ-ის სწრაფი სეკვენირებისათვისაც იყენებენ. მაგრამ ქეით რუბინამდე არავინ იცოდა იმუშავებდა თუ არა  ხელსაწყო უწონადობაში. ამის შესამოწმებლად რუბინმა დედამიწიდან რამდენიმე ცოცხალი ორგანიზმის ნიმუში მიიღო. იგივე ნიმუშები დედამიწაზე დამატებით გააანალიზეს.

 რუბინი ნიმუშებს დედამიწის ლაბორატორიებში გამზადებულს იღებდა. იმისათვის რომ უჯრედებიდან დნმ-ი პირდაპირ კოსმოსურ სადგურზე მიეღოთ, კიდევ ერთი ხელსაწყო იყო საჭირო.NASA-მ მის დამზადებაზე კონსკურსი გამოაცხადა, რომელშიც 18 წლის ანა-სოფია ბოგურაევამ გაიმარჯვა. მის მოწყობილობაში პოლიმერული ჯაჭვური რეაქცია ხდება, რომელიც ნიმუშში დნმ-ის კონცენტრაციას ზრდის. ამის შემდეგ ნიმუში უკვე მზადაა შემდგომი შესწავლისათვის.

ახლა NASA-ს ასტრონავტები უკვე მზად არიან არამიწიერი ცოცხალი ორგანიზმების შესწავლისათვის: ამისათვის მათ ყველა შესაძლებლობა გააჩნიათ. მათ უკვე არა მხოლოდ შემთხვევითი ობის, არამედ სიცოცხლის ნებისმიერი სხვა ფორმის დნმ-ის გარკვევა შეუძლიათ, რომელიც კი მომავალი კოსმოსური მოგზაურობებისას შეხვდებათ.