მნიშვნელოვანი სიახლეები
ხელოვნური ფილტვების ზურგჩანთით ტარება შესაძლებელი იქნება

ხელოვნური ფილტვების ზურგჩანთით ტარება შესაძლებელი იქნება

ამერიკელმა ბიოტექნოლოგებმა შექმნეს ხელოვნური ფილტვი, რომელიც შეიძლება სისხლძარღვთა სისტემას მივუერთდეს. უფრო მეტიც, იგი იმდენაც მცირე ზომისაა, რომ მისი ზურგჩანთით ტარება შესაძლებელი იქნება. ამგვარი სისტემები სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პაციენტებს გადაადგილების საშუალებას მისცემს.

 ადამიანის ფილტვი ძალიან ზუსტად ორგანიზებული სისტემაა, რომელიც აირის ცვლას უზრუნველყოფს. ადამიანის მიერ შექმნილი ვერცერთი მოწყობილობა აქამდე ვერ ახერხებდა სისხლის ჟანგბადით ასე რიგად მომარაგებას. არადა ადამიანი უკვე დიდი ხანია „სასუნთქი მანქანის“ შექმნას ცდილობს.

სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანები იძულებულნი იყვნენ ხელოვნური ვენტილირების აპარატებზე მიჯაჭვული ყოფილიყვნენ. ზოგ მათგანს საავადმყოფს პალატაში გადაადგილებაც შეეძლო - ესაა და ეს.

 ამიტომ უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობდა მსუბუქ და კომპაქტულ ხელოვნურ ფილტვზე მუშაობა. პიტსბურგის უნივერსიტეტის ინჟინრების გუნდმა პროფესორ უილიამ ფედერშპილის (William Federspiel) ხელმძღვანელობით შეძლეს შეექმნათ აპარატი, რომელიც ზურგჩანთაში ეტევა. ცხვრებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა კარგი შედეგები აჩვენა. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ხელსაწყო სისხლს ჟანგბადით 6 საათი ამარაგებდა. ექსპერიმენტის შემდეგ კი კიდევ ხუთი დღე  იმუშავა.

 ფედერშპილის ხელოვნური ფილტვი ტუმბოსა და აირის შემცვლელისგან შედგება. პაციენტის სხეულს იგი ერთი მილით უერთდება, რომელიც კისერზე მაგრდება. მილების რიცხვის შემცირება ხელსაწყოს ავტორების ერთ-ერთი დიდი მიღწევაა. ფედერშპილის „ხელოვნური ფილტვის“ უარყოფით ნიშანს კი ჟანგბადის ბალონი წარმოადგენს, რომლის ტარებაც ასევე პაციენტს უწევს. სწორედ ჟანგბადის ბალონის ტევადობა  განსაზღვრავს ხელსაწყოს მუშაობის ხანგძლივობას.