მნიშვნელოვანი სიახლეები
ყველაზე მსუბუქი ალუმინი, რომელიც წყალში არ იძირება

ყველაზე მსუბუქი ალუმინი, რომელიც წყალში არ იძირება

თუკი ალუმინის ნაჭერს წყალში გადავაგდებთ, იგი ჩაიძირება. ეს იმიტომ ხდება, რომ ალუმინი წყალზე უფრო მკვრივია. მაგრამ ეს პრობლემა მეცნიერებმა უკვე გადალახეს.

იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა და მათმა კოლეგებმა რუსეთიდან, დონის როსტოვის სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტიდან ჩვეულებრივი ალუმინის სტრუქტურა მოლეკულურ დონეზე შეცვალეს და ზემსუბუქი ალუმინის ფორმა მიიღეს, რომელიც წყალში არ იძირება.

 მეცნიერებმა ალმასის კრისტალური მესერი აიღეს და ნახშირბადის ატომები ალუმინის ტეტრაედრებით შეცვალეს. ამგვარი სტრუქტურა მეტად მდგრად, არაჩვეულებრივად მსუბუქ კრისტალურ ალუმინს იძლევა. მისი სიმკვრივე კუბურ სანტიმეტრზე 0,61 გრამს შეადგენს, მაშინ როცა ჩვეულებრივი ალუმინის სიმკვრივე 2,7 გრამია კუბურ სანტიმეტრზე. ამგვარი მასალა წყლის ზედაპირზე ადვილად ტივტივებს.

  ამგვარი მასალა კოსმოსურ მრეწველობაში, მედიცინასა და ელექტრონიკაში ძალიან გამოსადეგი იქნებოდა. თუმცა ჯერ გასარკვევია თუ ეს ლითონი რამდენად მტკიცე იქნება. ამის მიუხედავად ეს აღმოჩენა ახალი მასალების შექმნისადმი ახალ მიდგომას წარმოაჩენს.