მნიშვნელოვანი სიახლეები
დასავლეთში ადამიანებს 70 წლამდე მუშაობა მოუწევთ

დასავლეთში ადამიანებს 70 წლამდე მუშაობა მოუწევთ

განვითარებულ ქვეყნებში საპენსიო ასაკი სულ ცოტა 70 წლამდე უნდა გაიზარდოს. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მალე სიცოცხლის ხანგძლივობა 100 წელს მიაღწევს. ასეთია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოხსენების მთავარი აზრი.

სპეციალისტების აზრით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, იაპონია და კანადა, ადამიანებმა უფრო მეტ ხანს უნდა იმუშაონ, ვიდრე ეს აქამდე იყო. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა რიცხვი 2050 წლისათვის გასამმაგდება და 2,1 მილიარდ ადამიანს მიაღწევს.

ამ დროისათვის მომუშავეთა და პენსიონერთა თანაფარდობა ორჯერ შემცირდება და ოთხი ერთთან გახდება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ფინანსური დარგის და ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების ხელმძღვანელის მაიკლ დრეკსლერის აზრით სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობის ზრდას კლიმატის ცვლილების პრობლემის მსგავსად უნდა მოვექცეთ.

 „ჩვენ უკვე დღესვე უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ პრობლემას ან არადა ამ მოვლენის უარყოფითი შედეგები მომავალ თაობებზე მოახდენს გავლენას. იგი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის ძალიან მძიმე ტვირთად იქცევა“, - დარწმუნებულია იგი.

 ახლა დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო პენსია ეკუთვნის 65 წელს მიღწეულ ადამიანებს. 2046 წლისათვის მისი 68 წლამდე გაზრდა იგეგმება. ბრიტანეთის შრომისა და პენსიის სამინისტროს მოხსენებიდან ჩანს, რომ ახლანდელ 30 წლიანებს პენსიის მიღება 70 წლის ასაკიდან შეეძლებათ.

 მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოხსენება სახელად „ჩვენს 100 წლამდე ვიცხოვრებთ. როგორ მივცეთ თავს ამის უფლება?“ აქებს ბრიტანეთში ახლახანს გატარებულ რეფორმებს და მოუწოდებს სხვა ქვეყნებს შექმნან მომუშავეთათვის ისეთი პირობები, რათა მათ შეეძლოთ სიბერისათვის ფულის გადადება.

ბრიტანეთში ექვს მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყანაში ახლახანს შემოღებულ სავალდებულო საპენსიო ანარიცხების სისტემაში მოაქციეს. მაგრამ არის იმის საშიშროება, რომ მოკრებილი თანხები საკმარისი არ იქნება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სპეციალისტებმა რვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეისწავლეს -ავსტრალიაში, კანადაში, ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, ბრიტანეთსა და აშშ-ში - და მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2050 წლისათვის ამ ქვეყნების 70 წელს მიღწეული მოსახლეობის პენსიების გასაცემად  ექვსჯერ მეტი თანხა იქნება საჭირო ვიდრე ახლა.

გასაცემი საერთო თანხა 70 ტრილიონი აშშ დოლარიდან 400 ტრილიონამდე გაიზრდება.

ეს დასკვნა იმ ანგარიშით გაკეთდა, რომ პენსიონერის შემოსავალი პენსიამდე მისი შემოსავლის 70% იქნება.