მნიშვნელოვანი სიახლეები
დედამიწის მოსახლეობის ნახევარი 9 ქვეყანაში იცხოვრებს

დედამიწის მოსახლეობის ნახევარი 9 ქვეყანაში იცხოვრებს

 გაეროს პროგნოზით 2050 წლისათვის დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 9,8 მილიარდს მიაღწევს. ყველაზე მეტი მატება აფრიკასა და აზიაში იქნება. შედეგად მოსახლეობის ნახევარი ცხრა ქვეყანაში იცხოვრებს.

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტმა განახლებული მოხსენება „მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივა“ გამოაქვეყნა. ინდოეთსა და აფრიკაში მოსახლეობის ზრდის ტემპების მატების გამო წინა ციფრების გადახედვა გახდა საჭირო.

 სადღეისოდ ინდოეთი მსოფლიოში მეორე ქვეყანაა მოსახლეობის მიხედვით: 1,3 მილიარდი მოსახლე. ჩინეთში ახლა 1,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ 2014 წლისათვის პირველ ადგილზე ინდოეთი გადაინაცვლებს. ევროპის მოსახლეობის კლების ფონზე აფრიკის 26 ქვეყანა 2050 წლისათვის მოსახლეობას გააორმაგებს.

 ამ მონაცემების გათვალისწინებით გაეროს ექსპერტების ვარაუდით 2030 წლისათვის დედამიწის მოსახლეობა 8,6 მილიარდს მიაღწევს, ხოლო 2050 წლისათვის 9,8 მილიარდს. საუკუნის დასასრულისათვის დედამიწაზე უკვე 11,2 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. ძველი პროგნოზით 2030 წლისათვის 8,5 მილიარდი, 2050 წლისათვის კი 9,7 მილიარდი უნდა ვყოფილიყავით. საუკუნის შუა ხანებში დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ცხრა ქვეყანაში იქნება თავმოყრილი: ინდოეთში, ნიგერიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, პაკისტანში, ეთიოპიაში, ტანზანიაში, აშშ-ში, უგანდასა და ინდონეზიაში.

 გაეროს მოხსენებაში კიდევ ერთ ტენდენციაზე ამახვილებენ ყურადღებას, ეს მოსახლეობის სიბერეა. ყველა რეგიონში სიცოცხლის ხანგძლივობის მატებაა დაფიქსირებული: თუკი 2000-2005 წლებში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა კაცებში 65, ხოლო ქალებში 69 წელს აღწევდა, 2010-2015 წლებში ეს რიცხვი შესაბამისად 69 და 73 წლამდე გაიზარდა. ამას უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი აქვს: შრომისუნარიან მოსახლეობას სულ უფრო მეტ ასაკოვანი მოსახლეზე აქვს საზრუნი. ამას გარდა მოსახლეობის სწრაფი ზრდა რესურსების ასევე სწრაფ კლებასთან ერთად ეკოლოგიურ პრიბლემებს, პოლიტიკურ ღელვას, უმუშევრობის ზრდას და სიღარიბეს იწვევს.