მნიშვნელოვანი სიახლეები
ესპანეთის სასამართლომ სალვადორ დალის ნეშთის ექსგუმაციის დადგენილება გამოიტანა

ესპანეთის სასამართლომ სალვადორ დალის ნეშთის ექსგუმაციის დადგენილება გამოიტანა

მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მხატვარ სალვადორ დალის ნეშთის ექსგუმაცია უნდა მოხდეს, რათა დნმ-ს ტესტი ჩაატარონ. ამგვარად სასამართლომ 60 წლის პილარ აბელის თხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც ამტკიცებს, რომ მხატვრის ქალიშვილია.

ექსგუმაცია აუცილებელი გახდა, ვინაიდან ბიოლოგიური მასალა, ანდა პირადი ნივთები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია ნათესაობის დადგენა არ შემონახულა. ექსპერტიზას ტოქსიკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი ჩაატარებს.

 აბელი დალის ქალიშვილად აღიარებას უკვერ რამდენიმე წელია ითხოვს. ქალი ამტკიცებს, რომ 1955 წელს მისი დედა კადაკესში ერთ-ერთ ოჯახში მუშაობდა. ამ ქალაქშივე დალისაც ჰქონდა სახლი. აბელის მტკიცებით დედამისსა და დალის შორის „მეგობრული ურთიერთობა დამყარდა, რომელიც შემდეგ საიდუმლო სიყვარულში გადაიზარდა“ ამის შესახებ აბელის განცხადებით მას ბებია მოუყვა.

 1955 წელს დალი 49 წლის იყო. 1934 წლიდან  იგი რუს ემიგრანტ გალასთან (ელენა დიმიტრის ასული დიაკონოვა) ქორწინებაში იმყოფებოდა. მათ შვილები არ ჰყოლიათ. დალი 1989 წელს გარდაიცვალა. მისი ნეშთი ქალაქ ფიგერასში, დალის თეატრ-მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე აკლდამაში იმყოფება.

როგორც ცნობილია აბელმა 2007 წელს უკვე ჩაატარებინა დნმ-ის ანალიზი მამობის დასამტკიცებლად. მაშინ მასალად  დალის სიკვდილისშემდგომ თაბაშირის ნიღაბში შემორჩენილი თმები და კანის ნაწილები გამოიყენეს. მაგრამ ქალი ამტკიცებს, რომ ანალიზის პასუხები აქამდე არ მიუღია.

 2005 წელს პილარმა მწერალ ხავიერ სერკასის წინააღმდეგ სასამართლოში 600 ათას ევროიანი სარჩელი შეიტანა. ქალის სიტყვებით მწერალმა იგი თავის რომან „სალამინის ჯარისკაცებში“ შეურაცხმყოფელი მანერით მოიხსენია. ჟირონის სასამართლომ სარჩელი 2006 წელს არ მიიღო განსახილველად.