მნიშვნელოვანი სიახლეები
საფრანგეთში გამხდარი  მოდელების ჩვენება აკრძალეს

საფრანგეთში გამხდარი მოდელების ჩვენება აკრძალეს

საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომელიც სამოდელო ჩვენებებისას და სარეკლამო გადაღებებისას ზედმეტად გამხდარი მოდელების გამოყენებას კრძალავს.

 ეს გადაწყვეტილება როგორც მოდელების, ისე მოქალაქეების და პირველ რიგში ახალგაზრდა ქალების ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის ნაკარნახევი. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა მარისოლ ტურენმა გააკეთა.

მისი სიტყვებით არაბუნებრივი და არარეალური სილამაზის სტანდარტები ბევრ ქალში არასრულფასოვნების კომპლექსს იწვევს, რასაც შემდეგში ქრონიკულ შიმშილამდე მივყავართ.

ახალი წესების მიხედვით მოდელმა სამუშაოზე მოწყობის წინ ექიმისგან ჯანმრთელობის ცნობა უნდა წარადგინოს, მათ შორის იმის შესახემ, რომ მისი სხეულის წონის ინდექსი (სიმაღლისა და წონის შეფარდება) ნორმის ფარგლებშია.

კანონის დარღვევის შემთხვევაში დამქირავებელი 75 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის, ანდა ექვსი თვე ციხეში გაატარებს.

ახალი წესები ძალაში 1 ოქტომბრიდან შემოდის.

2015 წელს, როცა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მზადდებოდა, მოდელების სხეულის მასის ინდექსის ნორმატიულ აქტში შეტანას აპირებდნენ, მაგრამ სამოდელო სააგენტოების მოთხოვნით წესები შეამსუბუქეს. ახლა ექიმი თავად საზღვრავს რა არის ჯანმრთელობისათვის საშიში და რა არა.

მოდელების ფოტოშოფით დამუშავებულ ფოტოებს უნდა გაუკეთდეს წარწერა: „სურათი რეტუშირებულია“.

მსგავსი ნორმები უკვე მიღებულია იტალიაში, ესპანეთსა და ისრაელში.

ექიმების მონაცემებით 30 ათასამდე ფრანგი ანორექსიით არის დაავადებული.  მათგან 90% ახალგაზრდა ქალია.