მნიშვნელოვანი სიახლეები
ახალი ზელანდიის მორაგბეებმა სასტუმროს დარბაზში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს

ახალი ზელანდიის მორაგბეებმა სასტუმროს დარბაზში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრები აცხადებს, რომ სიდნეის სასტუმროს იმ დარბაზში, სადაც სპორტსმენები  ავსტრალიასთან მატჩის წინ კრებას მართავდნენ, მოსასმენი აპარატურა აღმოჩნდა.

ახალი ზელანდიის „ოლლ ბლექსი“ ბლედისლოუს თასის პირველ მატჩს ავსტრალიის ნაკრებთან ამ შაბათს გამართავენ.

ახალი ზელანდიის გუნდის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათ აღმოჩენის შესახებ ავსტრალიის რაგბის კავშირსა და პოლიციას შეატყობინეს. მისი განსხადებით, ახალი ზელანდიის ნაკრები ამ შემთხვევას მთელი სერიოზულობით მოეკიდა.

ავსტრალიის რაგბის კავშირმა მოსასმენი აპარატურის დაყენების იდეას „ბოდვითი“ უწოდა.

„რაღა თქმა უნდა ჩვენ ამასთან არავითარი კავშირი არ გვაქვს“, - განაცხადა ავსტრალიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა ბილ პულვერმა.

 მოსასმენი აპარატურა ერთ-ერთ სავარძელში აღმოაჩინეს და იგი საკმაოდ პროფესიონალურად იყო დამონტაჟებული. ზოგი ნიშნებით იგი თათბირის დროს ფუნქციონირებდა.

სიდნეის დაბლ-ბეიში მდებარე სასტუმრომ განაცხადა, რომ იგი თავის დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს.

ბლედისლოუს თასის გათამაშების მთელი ისტორიის მანძილზე ახალმა ზელანდიამ ტურნირი 43-ჯერ მოიგო, მაშინ როცა ავსტრალიელებმა მხოლოდ 12-ჯერ გაიმარჯვეს.