მნიშვნელოვანი სიახლეები
რომი ოლიმპიადას ვერ გაქაჩავს

რომი ოლიმპიადას ვერ გაქაჩავს

რომი  2024 წლის ოლიმპიური თამაშების განაცხადიდან თავისი კანდიდატურის მოხსნას აპირებს. ამის შესახებ ქალაქის მერმა ვირჯინია რაჯიმ განაცხადა.

რაჯი, რომელიც მერი ამა წლის ივნისში გახდა, ყოველთვის გამოხატავდა თავის ეჭვებს რომის შესაძლებლობების გამო. ქალაქს ბევრი ვალები აქვს დაგროვილი და ოლიმპიური თამაშებისათვის საჭირო ინვესტიციებს ვერ შეწვდება. მერის თქმით ქალაქისათვის, რომელსაც უამრავი პრობლემა და ვალი აქვს ოლიმპიური თამაშების ჩატარება პრიორიტეტი არაა.

 მანამდე ოლიმპიადა-2024-ის ჩატარებაზე უარი გერმანულმა ჰამბურგმა განაცხადა. ჰამბურგსა და კილში (სადაც აფროსნობაში ოლიმპიური შეჯიბრი უნდა გამართულიყო) ჩატარებულმა რეფერენდუმმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 52% ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგი იყო.

 ამგვარად  ოლიმპიადა 2024-ის ჩასატარებლად სამი ქალაქიღა იბრძოლებს: ლოს-ანჟელესი, პარიზი და ბუდაპეშტი.

კარგი შანსები აქვს ლოს-ანჟელესს. მხოლოდ აეროპორტის მოდერნიზაციისათვის ხელისუფლება მზადაა 5,5 მილიარდი დოლარი დახარჯოს. „ლოს-ანჟელეს-2024-ი“ ორგკომიტეტს მიაჩნია, რომ ქალაქს ოლიმპიადის ჩასატარებლად ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა გააჩნია.

პარიზიც მზადაა თუნდაც დღესვე უმასპინძლოს ოლიმპიადას. ფრანგებს არანაირი პრობლემა არა აქვთ სასტუმროებისა და ტრანსპორტის მხრივ. ამას გარდა 2024 წლისათვის ზუსტად 100 წელი სრულდება პარიზში ჩატარებული ოლიმპიადის თარიღიდან, რაც ფრანგებს ზედმეტ კოზირს აძლევს.

სერიოზული განაცხადი გააკეტა ბუდაპეშტმაც. ქალაქში უკვე მიმდინარეობს სპორტული ობიექტების მშენებლობა.

2024 წლის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქის სახელი ერთი წლის შემდეგ, ოლიმპიური კომიტეტის 130-ე სესიაზე გახდება ცნობილი, რომელიც პერუს დედაქალაქ  ლიმაში გაიმართება.